საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთშია და მასპინძლებთან სათამაშოდ ემზადება. გუნდთან ერთადაა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეკარე როინ კვასხვაძე. შეაძლოა, 12 ოქტომბერს როინი სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ ფინეთთან მატჩში. კვასხვაძეს გუშინ ჰელსინკიში დავუკავშირდით.
- როგორ იმგზავრეთ, კარგად მოეწყვეთ?
- ძალიან კარგად ვიმგზავრეთ და გუშინ და დღეს ვივარჯიშეთ კიდეც. მშვენიერ პირობებში ვართ. სავარჯიშო მინდორიც კარგია. ასე რომ, მონდომებით ვემზადებით ფინელებთან მატჩისათვის.
- ტრავმა ხომ არავის აწუხებს?
- არა, ყველაფერი კარგადაა. დღეს საღამოს ნაკრები სრულად შეიკრიბება. ისეთი ორი მატჩი გველის, რომ ტრავმები ყველანაირად უნდა ავირიდოთ თავიდან.
- ჰელსინკიში წინასამატჩო აჟიოტაჟი თუ იგრძნობა?
- ჟურნალისტების მხრიდან ყურადღებას ვგრძნობთ. ვარჯიშზე ტელევიზიაც იყო მოსული და ქალაქში აფიშებსაც მოვკარი თვალი. ასე რომ, აჟიოტაჟი ნამდვილად იგრძნობა.
- არის შანსი, თემურ ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში დაგაყენოს. მზად ხარ ამისათვის?
- მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის ათამაშებს - მე, ნუკრი რევიშვილს თუ ომარ მიგინეიშვილს. მე ყოველთვის მზად ვარ ნაკრებში სათამაშოდ და ეროვნულ გუნდში გატარებული თითოეული წუთი უბედნიერესია ჩემთვის.
- როგორ თამაშს ელი 12 ოქტომბერს?
- ფინეთის ნაკრები ძალიან ორგანიზებული, შეკრული გუნდია. თან შინ თამაშობს. რთული იქნება წარმატების მიღწევა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ.