საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 800 000 წლის არის. ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ.წ II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკუნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა. ძვ.წ VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ.წ IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო. სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: ლაზების, აფშილების, აბაზგების და სანიგების. განსაკუთრებით გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ლაზიკა.
VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიელებმა ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებმა დაიმორჩილეს. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო) და ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც უკვე 888 წლიდან ქართველთა სამეფო ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. XII საუკუნეში აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს დავით აღმაშენებელმა შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და ბოლოს თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჯუკების ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი.