საქართველო ტალანტების სამჭედლოა - ოდითგანვე ასე იყო, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება. ამ ქვეყანაზე ყავლი ბევრ რამეს გასდის, თუმცა ვეჭვობთ, ამ ოდინდელ გამონათქვამს დრომ რამე დააკლოს. რაკი ერს ერთხელ გაუჯდება ფეხბურთი ძვალ-რბილში, რაკი ერთხელ დაერქმევა საფეხბურთრთო ქვეყანა, მერე ამ სასიამოვნო "დამღის" მოშორება წარმოუდგენლად მოჩანს.
საქართველოში მუდამ იყვნენ ტალანტები. ბოლო წლებამდე იყვნენ შემდგარი ფეხბურთელები. ახლა რეალობა სხვაა. ახლა ევროპულ გრანდებს ჩვენები აღარ ეპიტნავებათ. გრანდებს ვინ ჩივის, საშუალოზე საშუალო ევროპულ გუნდებშიც სანთლით არიან საძებარნი ჩვენი ფეხბურთელები.
არადა, ფაქტი ჯიუტია - რამდენჯერაც გინდა, გაზომე, მას გვერდს ვერ აუვლი. 19 წლამდე ქართველი ფეხბურთელი ინდივიდუალურადაც ძლიერია და გუნდურადაც. ვისაც არ სჯერა, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების შედეგები ნახოს. ან ნახვა რად უნდა - დღეს ხომ ჩვენში საფეხბურთო წარმატება ისეა გაიშვიათებული, როგორც ჰაერი მაღალმთიან ბოლივიაში და ყველას ყველაფერი ისედაც ახსოვს. ვრჩებით ამ ბიჭების იმედად, ისინი კი... იზრდებიან და რეგრესს განიცდიან.
ჯერ ასეა. იქნებ, ხვალ სხვანაირად იყოს. ჯერ იმაზე ვთქვათ, რაც დღეს არის. მიზეზი ბევრია...
პროფესიონალიზმი
ქართული ფეხბურთის მშვენებას, ოთხმოცდაათიანების დიდებულ თაობას პროფესიონალიზმი აკლდა. რომ არა ეს გარემოება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმ ფორმაციის საქართველოს მთავარ გუნდს აუცილებლად ვიხილავდით ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
რასაც ნაღდი პროფესიონალი ჰქვია, იმ თაობიდან მხოლოდ ორი მახსენდება - თემურ ქეცბაია და შოთა არველაძე. ეს - ნაკრების ძირითადი ბირთვიდან. ამათ შემდგომ ნაღდი პროფესიონალების თაობა მოვიდა. უმრავლესობა მიხვდა, რომ ფეხბურთი მხოლოდ იმიტომ არ უნდა ითამაშო, რომ მაგარ მანქანაში ჩაჯდე.
ამ ბიჭების მერე, თითქოს, ეს პროცესი სულ აღმა და აღმა უნდა წასულიყო, მაგრამ... არაფერი ამის მსგავსი.
რაზეა საუბარი, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი მინდორზე 3-4 კილოგრამით დამძიმებული გადის, როცა "ფეისბუკსა" და სხვა სოციალურ ქსელებში მეტ დროს ატარებს, ვიდრე მინდორზე, როცა ვარჯიში ეზარება და იმ ვარჯიშზე წრეებსა და კილომეტრებს იპარავს. როცა მეტ "სელფს" იღებს, ვიდრე თამაშობს, როცა კარდაკარ დადის და ვერსად მკვიდრდება რამდენიმე ასეული ლარით უკეთესი კონტრაქტის ძიებაში...
აირჩიეთ ევროპა!
დღევანდელ ქართველ ფეხბურთელებს რომ ვუყურებ, მიჩნდება ორი რამის განცდა.
1. მათ ძალიან უნდათ, ეგრევე აიწყონ ცხოვრება;
2. მათ გვერდით არ არიან ისეთი მრჩევლები, ფეხბურთელის ბედს საკუთარ "მე"-ზე წინ რომ დააყენებენ;
3. ამ ბიჭებმა ვერაფრით შეიგნეს, რომ რუსულ, უკრაინულ თუ აზიურ ტუგრიკებს ცოტა ხნით ევროპაში გაჭირვება და "ბებერ კონტინენტზე", ნაღდ ფეხბურთში თავის დამკვიდრება სჯობია.
მომკალით და, ვერაფრით ვხვდები, რა უნდა "ტოკიოში" გიორგი ჭანტურიას? იტალიელები წერენ, ტრანსფერი გადაწყვეტილიაო. საკუთარი ინფორმაციის გამტყუნება ვის უნდა ესიამოვნოს. გიჟი არც მე ვარ, მაგრამ სულო ცოდვილო! - ნეტავ არ შედგეს ეს ტრანსფერი.
ჭანტურია არ არის მესი, მაგრამ მისი მონაცემების ფეხბურთელს საშუალო დონის ევროპულ კლუბში თამაში კი შეუძლია. კარგადაც შეუძლია. იაპონია კი... ინფრასტრუქტურით ყველაფერს ვერ განსაზღვრავ. იაპონიაში ფეხბურთელები კარიერის დაისზე მიდიან. ასე წავიდა დავით მუჯირი. პატარა "მუმუს" თავისი სათამაშო უკვე ეთამაშა.
მავანმა იქნებ ჰალკის მაგალითი მოიყვანოს, მაგრამ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე და ჰალკი ამ ამბავში გამონაკლისია.
რატომ არ არის დღეს რომელიმე გუნდში დავით თარგამაძე? ნუთუ, "შახტარის" დუბლებში ვარჯიშის მეტს არ იმსახურებს? რატომ გაწვალდა ასე სანდრო კობახიძე? რატომ ვერ იპოვა შესაბამისი კლუბი ამ თაობის ძალიან ბევრმა მოთამაშემ? მათმა შემდგომმა თაობამ რატომ ვერ დაიმკვიდრა ადგილი "მზის ქვეშ"?
ნდობის ფაქტორი
ბოლო წლებში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები მუდამ ყოჩაღობენ. თავად მყავს ნანახი, რა დღეში ჩავაგდეთ თბილისში ინგლისი და ჩუბა აკპომი. ის აკპომი დღეს "არსენალში" თამაშობს. ჩვენები სად არიან?
პასუხი მარტივი და შემზარავია - საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დამკვიდრება უჭირთ, პირველ ლიგას შეხიზვნიან, ან სულაც რეგიონულ ლიგაში ჩაკარგულან. არიან უგუნდოებიც.
ფეხბურთი ნდობაა, ფეხბურთში ბევრი რამ წამის ამბავია და ვინ იცის, ახალ დონეზე უკვე გასულიყვნენ ეს ბიჭები, მწვრთნელებისგან ნდობა რომ ჰქონოდათ. ნდობა არ ჩანს. ამას თავისი მიზეზი აქვს.
ქართულ კლუბში მისულ მწვრთნელს აქვს კონკრეტული მიზანი - უმოკლეს ვადაში აჩვენოს კლუბის ხელმძღვანელობისთვის მისაღები შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, 6 თვის თავზე (თუ უფრო ადრე არა) კარისკენ მიუთითებენ.
ისიც ადამიანია, მასაც ჰყავს ოჯახი, მასაც ჰყავს "ლიუბიმჩიკები", ვისთან ერთადაც გუნდიდან გუნდში მოგზაურობს და იმ ხალხთან გარკვეულწილად ვალდებულიცაა. მაშ, ნიჭიერ ბიჭებს რაღა? - ერთ ლამაზ ქართულ ფილმში ისმის დაახლოებით ასეთი კითხვა. ჩვენ მარტივი პასუხი გვაქვს - არც არაფერი!
ეს მხოლოდ იმ მწვრთნელის უბედურება არაა. სამწუხაროდ, დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში არ არსებობს დროში გაწერილი გეგმა. ფული 6 თვითაა გამოყოფილი და ამ ვადაში თუ ვერ დადე შედეგი, მერე აღარაფერს მოგცემენ... ან თითქმის არაფერს.
არა ფულითა ხოლო
არ მახსოვს, სად და როდის ამოვიკითხე, მაგრამ ვინც დაწერა, ათიანში კი მოარტყა - ღმერთს ადამიანის საცდუნებლად ბევრი რამ შეუქმნია, მათგან ორი მთავარი კი - ქალი და ფულია.
ქალი იქით იყოს და, ფულის ამბავი ჩვენი ბიჭების ბედისწერის ჩარხის ბრუნვაში მთლად ბოლო დამნაშავეც არ უნდა იყოს. რუსეთის ეკონომიკური კრიზისი და უკრაინის ომი რომ არა, იქაური კლუბები საშუალო-ევროპულ გუნდებზე მეტს იხდიდნენ მოთამაშეებში.
ცოტა მეტს ფეხბურთელი იღებდა, ცოტა მეტს - აგენტი და ისე მოხდა, რომ თანდათან იზოლირებულნი აღმოვჩნდით ევროპული ფეხბურთისგან.
ასე მოგვიმრავლდნენ ახალი საქომაგო გუნდები - "ილიჩევეცი", "ვოლინი", "სკა ენერგია, "ტოსნო" და სხვები. ევროპულმა მატარებელმა კი მაგრად გაგვასწრო.
ხასიათი
ოდინდელი, მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა - დიდ ფეხბურთს დიდწილად დიდი პიროვნებები თამაშობენ. დღევანდელ ქართულ ფეხბურთს დიდი პიროვნებები აკლია. დიდს